ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების განმუხტვას - ვახტანგ გომელაური 

03 ოქტომბერი 2020, 11:51 1185 ნახვა

ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისთვის. საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები. საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანლებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში. ქართული მხარე მრავალი წლის განმავლობაში ზედმიწევნით ასრულებდა და ასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ. კერძოდ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორივე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებშიც არის.

დღესაც, საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება. ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ. ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენი საერთო ინტერესია - სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა," - აცხადებს გომელაური.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში