საზოგადოებამ ოპოზიციური პარტიის მავნებლურ ზრახვებს და პროვოკაციულ ქმედებას კიდევ ერთხელ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს - მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 15:39 1215 ნახვა

''ქართული ოცნების'' ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ''ნაციონალური მოძრაობა'' არჩევნების დღეს პარლამენტთან აქციას გეგმავს.

მისივე თქმით, ''ნაციონალური მოძრაობა'' სასოწარკვეთილების პიკშია.

მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის მავნებლურ ზრახვებს, და უკიდურესად პროვოკაციულ ქმედებას კიდევ ერთხელ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს.

''მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ''ნაციონალური მოძრაობის'' დაგეგმილი კიდევ ერთი მავნებლობის შესახებ, რომელიც არჩევნების ნაცვლად არეულობისთვის ემზადება. ჩვენი ინფორმაციით თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების დღეს, პარლამენტის წინ 12 საათიდან იკრიბებიან, როგორც ჩანს სრული რესურსის მობილიზაციას ამ მიმართულებით აპირებენ და მრავალათასიან აქციას აანონსებენ.

ეს ნიშნავს, რომ ''ნაციონალური მოძრაობა'' არის სასოწარკვეთილების პიკში. მათ ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ და შესაბამისად, მაშინ როცა პოლიტიკური პარტიები, მათი მხარდამჭერები და მთელი მოსახლეობა ხმის მიცემის საარჩევნო პროცესში იქნება ჩართული, როგორც ჩანს ხმების პარალელური დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების დაცვის აბსურდული საბაბით, ''ნაციონალური მოძრაობა'' ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე და არეულობის შექმნაზე აკეთებს და სრული რესურსით ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბება. ფაქტია, რომ ამ პარტიას, არჩევნებზე ამომრჩევლის მობილიზების ნაცვლად სხვა სახის დესტქრუციული მიზნები აქვს და მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მათ მორიგ მავნებლურ ზრახვებს, ამ უკიდურესად პროვოკაციულ ქმედებას კიდევ ერთხელ ღირსეული პასუხი გასცეს.

სწორედ ამიტომ ყველა ადამიანი, რომელიც ფიქრობს,რომ საჭიროა საქართველოს წინსვლა და სწრაფი ტემპით განვითარება, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა 2024 წელს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთოს,აუცილებლად ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი წარმატებულ საქართველოს'' - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში