ეს შედეგი აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო - თორნიკე რიჟვაძე ეგზიტპოლის შედეგებზე

31 ოქტომბერი 2020, 20:21 1834 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ''ქართული ოცნების'' გუნდის სხვა წევრებთან ერთად ელოდა ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოცხადებას. ტელეკომპანია იმედის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 55.0%-იანი მხარდაჭერა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 23.0%.

თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ამ შედეგს ელოდა და ეს იყო პროგნოზირებადი.

''ჩვენს ქვეყანას ვულოცავ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს, კიდევ ერთ ღირსეულ და დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენი გუნდი და პოლიტიკური ძალა კიდევ უფრო მეტად არის გახარებული ამ შედეგით, თუმცა ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი. იმ კონკრეტული საქმით და ღირებულებებით, რომლითაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩვენი პარტია, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ახორციელებს. ვულოცავ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პარტიას მისცა ხმა, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენ როგორც ხელისუფლებას, მმართველ პარტიას და ძალას მათზეც გვაქვს პასუხისმგებლობა.

ხალხის ნდობა და განწყობა არის ერთმნიშვნელოვანი და ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვარს, უნდა მოვახდინოთ სრული კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმე შეძლებს ამ შედეგების დაზიანებას, ობსტრუქციას ან დესტაბილიზაციას'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში