არ გამოვრიცხავთ უარი ვთქვათ მანდატებზე და ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდეთ - გაერთიანებული ოპოზიცია 

01 ნოემბერი 2020, 15:39 1224 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ბათუმში ბრიფინგი გამართა. ცნობილია, რომ  ​''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'', ''ლელო'', ''გირჩი'', ''ერთიანი საქართველო'', ევროპული საქართველო'', ''ლეიბორისტული პარტია'', ''ემსახურე საქართველოს'' და ''რესპუბლიკური პარტია''  ბრძოლას საერთო ძალებით აპირებენ. ელოდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოფიციალურ შედეგებს და დასკვნას. შემდეგ კი უკვე ოფიციალურად იტყვიან სამომავლო გეგმების შესახებ. 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები არ გამორიცხავენ უარი თქვან მანდატებზე და ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდნენ. 

 "ჩვენ ივანიშვილთან გარიგებას არცერთი პირობით არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ მასთან გარიგება საქართველოს დაქცევას და კრემლის ორბიტაზე დაბრუნებას ნიშნავს. ჩვენ ამას ხელს არ მოვაწერთ. თბილისში, ბათუმშიც, მთელ საქართველოში გაიხსნება დემოკრატიული დაპირისპირების მძლავრი ფრონტი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ აღიაროს ის, რომ რაც ივანიშვილმა გააკეთა ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ"- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ მოქმედების გეგმა პარალელურად მუშავდება თბილისში და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

​''რევოლუცია არ იგეგმება, რევოლუცია იბადება'' - განაცხადა ბრიფინგის შემდეგ მურმან დუმბაძე, თუმცა დააკონკრეტა, რომ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში