"ევროპული საქართველო" პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს

02 ნოემბერი 2020, 14:12 1258 ნახვა

პარტია "ევროპული საქართველო" პარლამენტში შესვლას და მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ პარტიაში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

"ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად "ევროპული საქართველო" უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, არჩევნებზე მუშაობდა ორკესტრირებული გაყალბების მანქანა და არჩევნები რომელზეც ადამიანებს აშინებენ არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად.

გიგი უგულავას განცხადებით,  ''ევროპული საქართველო'' არ ცნობს არჩევნების შედეგებს და აგრძელებს აქციებს.

''სრულიად ცალსახაა, რომ დღეს ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს პირდაპირ ''ქართულ ოცნებაში'' შესვლას, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებაა სრული ბოიკოტი გამოუცხადოთ,არცერთი ჩვენთაგანი არ მიიღებს იმ გადმოგდებულ მანდატებს.

შესაბამისად ''ქართულ ოცნებას'' აქვს არჩევანი. პირველი - პატიოსანი და თავისუფალი რიგგარეშე არჩევნები. ერთხელ მაინც გამოიჩინოს სახელმწიფოებრივი აზროვნება და უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. სხვა შემთხვევაში მეათე მოწვევის არჩევნები დაემსგავსება ბიძინა ივანიშვილის ჯამახერიას და ის მაინც თავისი არალეგიტიმურობის გამო მალე ჩამოიშლება.

აქციები გაგრძელდება და კვირას სამ საათზე დიდი აქციაზე გიწვევთ ყველას, რომ დავანახოთ ქართველი ხალხის ნება და არა ის იუმორინა, რომელიც მოაწყო ბიძინა ივანიშვილმა და რომელსაც თავისუფალი ვითომ არჩევნები დაარქვა'' - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში