ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიხედვით ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა მოამზადა

08 ნოემბერი 2020, 20:50 1716 ნახვა

წინასწარი მონაცემების მიხედვით, 8 ნოემბრის მდგომარეობით, 2020 წლის პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 3.28%-ია, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი 4.14%-ია, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიხედვით ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა მოამზადა.

მონაცემები მოიცავს ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტულ მაჩვენებლებს 2002 წლიდან დღემდე.

ცესკო-ს ცნობით, საბოლოო მონაცემები გამოქვეყნდება საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად შეჯამების შემდეგ.

„ცესკო-ს მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ პარლამენტის არჩევნებზე დაფიქსირებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან, მაგალითად 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით პროპორციულ ნაწილში ნაკლებია 0.15%-ით, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით მცირედით მეტია, კერძოდ 0.03%-ით. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის, გადაეცათ ორი ბიულეტენი როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით. იქ, სადაც ასევე ტარდებოდა საკრებულოს შუალედური ან მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლებმა 3 ბიულეტენი მიიღეს.ხოლო აჭარის რეგიონში (ექვსი მუნიციპალიტეტში) ოთხი ბიულეტენი – ორი საქართველოს პარლამენტის, ორი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის“,- აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში