ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოების არჩევანს, დროა ოპოზიციამაც თქვას იგივე - თალაკვაძე

10 ნოემბერი 2020, 12:30 768 ნახვა

''ქართული ოცნების'' ლიდერები ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლებს  შეხვდნენ. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, განიხილეს მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები და ასევე ის მონაცემები, რომელიც 39 უბნის გადათვლას უკავშირდებოდა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მეორე ტურისა და ახალი პარლამენტის დაკომპლექტებისთვის ემზადება. 

''ცესკომ კანონმდებლობის სრული დაცვით, ოპოზიციის და დამკვირვებლების ჩართულობით გადათვალა ძირითადი უბნები, სადაც იყო კითხვითი ნიშნები შესაძლო ხარვეზებზე. 

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელი განცხადება, სადაც თქვეს, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით. ასევე ისინი უბნების ხელახალი გადათვლის პროცესს მიესალმებიან. 

ეს არჩევნები ჩატარდა გლობალური პანდემიის პირობებში, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებით აღინიშნა და ეს ნამდვილად არ იყო ადვილი, თუმცა საქართველომ შეძლო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

ჩვენ ვემზადებით მეორე ტურებისთვის, ვემზადებით ასევე ახალი პარლამენტის მუშაობისთვის, რომელიც უფრო პლურალისტური იქნება და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს უფრო უკეთ უპასუხებს'' - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ჟურნალისტებმა ''ქართული ოცნების'' ლიდერს ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზეც ჰკითხეს.  თალაკვაძე ამბობს, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე თანამშრომლობისა და დისკუსიისთვის ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

"ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების არჩევანს. დროა, რომ ოპოზიციამაც თქვას იგივე. ნებისმიერი შემდგომი თანამშრომლობის წინაპირობა არის, რომ ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგს. ამის შემდეგ დავსხდეთ, ვითანამშრომლოთ, მოვილაპარაკოთ თუ როგორ ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს, როგორ ვუპასუხოთ სოციალურ საკითხებს, როგორ გავაერთიანოთ ტერიტორიული მთლიანობა და დავაჩქაროთ ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ამ მნიშვნელოვან საკითხზე თანამშრომლობისა და დისკუსიისთვის ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც სურს პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესით თანამშრომლობა და ვისაც სურს, რომ ეს ქვეყანა მშვიდობიანი გზით განვითარდეს"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში