ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა

11 ნოემბერი 2020, 18:43 1318 ნახვა

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა. დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობის“წარმომადგენლის ხელმოწერა არ აქვს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. შედეგებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი დააფიქსირა ,,პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმაც.

31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრასთან დაკავშირებით 44 საჩივარი შევიდა. კომისიამ სრულად მხოლოდ 1 დააკმაყოფილა ორი ნაწილობრივ, 15 საჩივარი არ დააკმაყოფილა და განუხილველად 17 საჩივარი დატოვა. საოლქო კომისიას საპროტესტო აქციის ფონზე მოუწია 5 ნოემბრის სხდომის ჩატარება, სადაც #102 უბნის ბიულეტენები განმეორებით დაითვალეს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდათ.

კომისიამ სხდომის დაწყება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც რამდენიმე აქტივისტი საოლქოს შენობიდან დაცვამ გაიყვანა. ქუთაისში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 130 უბანი ფუნქციონირებდა.

ქუთაისში მეორე ტური გაიმართება. არჩევნების პირველ ტურში ზაზა ლომინაძემ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა 42,46% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა 34.73%.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში