დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა - პრემიერი

12 ნოემბერი 2020, 10:17 1029 ნახვა

''ყველას ძალას, მმართველს და ოპოზიციასაც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო მესიჯი, პირველ რიგში ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას. დიალოგს რა თქმა უნდა არა აქვს ალტერნატივა. ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა'' - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. 

გიორგი გახარია ფიქრობს, რომ გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და ნაბიჯები გაგრძელდება, თუმცა  მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს მოსახლეობის მხარდაჭერა არ ექნება.

''ჩვენი მოსახლეობის და მოქალაქეების დავალება არის, რომ ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი ამას სრულად იაზრებს. მე კარგად მესმის, რომ გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და ნაბიჯები გაგრძელდება, თუმცა  მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა არ ექნება. ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა, მანდატით ყოფილიყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში და ეს მანდატი იყო და არის პასუხიმგებლობის მანდატი. პასუხიმგებლობის - ქვეყანაზე და მის მომავალზე.

ყველას უნდა გვახსოვდეს რა მომენტში გააკეთა ეს საქართველოს  მოქალაქემ, გააკეთა მაშინ როდესაც მძვინვარებდა რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი, მაშინ როდესაც გლობალური პანდემია სულ უფრო და უფრო ძალას იკრებს, მაშინ როდესაც ეკონომიკური პროცესი უფრო და უფრო მძიმდება და ეს ყველაფერი იყო გამიზნული მესიჯი თითოეული პოლიტიკური ძალისათის, რომ ერთად მოუარეთ ქვეყნას და ერთად  იპოვეთ გამოსავალი ამ გამოწვევებით სავსე ქვეყანაში

ეს არის პასუხისმგებლობა გამოწვევებით სავსე ეპოქაში, როდესაც ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც და რაც მთავარია, ყველამ ერთად, ეფექტურად და შედეგიანად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი სვლა ევროპისკენ, მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ, რადგან ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, რომ დემოკრატიული პროცესები, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა.

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ სპექტრს ძალიან კარგად ესმის ეს და დარწმუნებული ვარ, ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა სწორად გაიგოს ჩვენი მოქალაქეების ეს მესიჯი, სწორედ გადათარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში