შევთანხმდით, რომ ელჩებთან შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არ ვისაუბრებთ - ნათელაშვილი 

12 ნოემბერი 2020, 16:23 1423 ნახვა

ამ წუთებში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა უკვე დატოვა ''ლეიბორისტული პარტიის'' ლიდერმა. 

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ შეთანხმების თანახმად დიალოგის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა იქვე განმარტა, რომ ოპოზიცია ერთიანია. 

ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და თქვა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და ორ თვეში ხელახალი ჩატარდეს. უბნების გადათვლას კი აზრი არ აქვს. 

​''როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკურ კრიზისში, რაც მასობრივად გაყალბებული არჩევნების შედეგად წარმოიშვა და რის გამოც ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამ პროცესების დარეგულირებაში ჩაერთვნენ ჩვენი მოკავშირეები, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები. ამ შემთხვევში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ამ ეტაპზე ჩართულია ვინც ვითომ გადალახა ბარიერი მხოლოდ ის პარტიები.  იქ მიმდინარე საუბრის დეტალიზაცია მოლაპარაკების თანახმად არ მოხდება მედიასთან, მაგრამ შემიძლია სიამაყით აღვნიშნო, რომ ასეთი ერთიანი ოპოზიცია მე არ მინახავს და ვერ წარმომიდგენია. 

მე გეტყვით ჩემს პოზიციას, მაგრამ ვერ გეტყვით იქ ვინ რა პოზიცია დააფიქსირდა და ვის რა პასუხი ჰქონდა. არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა. 31 ოქტომბრის შედეგები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და ორ  თვეში ხელახალი ჩატარდეს. ახალი ადმინისტრაციით, რომელიც შეიძლება ეუთოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული და რაც მთავარია, გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია. გადათვლას აზრი არ აქვს. 

ელჩები ვერაფერს ვერ დაგავალებენ, ისინი შუამავლის როლს თამაშობენ. ცდილობენ მონაწილეთა აზრები დააახლოვონ ერთმანეთთან და მიიღონ შედეგი. 

ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, ითხოვს ახალ არჩევნებს. ცივ ქვაზე რომ დავრჩეთ და საერთოდ მშივრები, რომ ვიყოთ, ჩამოვივლით თითო-თითო ოჯახი გვაჭმევს პურს, წავალთ ამაზეც. არ გვჭირდება არანაირი დაფინანსება. ჩვენ გვჭირდება ქვეყნისთვის ჯანსაღი საარჩევნო სისტემა, სადაც ვერავინ ვერ მოისყიდის და გააყალბებს'' - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში