EMC მთავრობას მოუწოდებს დააკმაყოფილოს წაბლანის მოსახლეობის საჭიროებები

13 ნოემბერი 2020, 14:06 720 ნახვა

EMC სოფელ წაბლანის სტიქიით დაზარალებული ადგილობრივი თემის პროტესტს ეხმიანება და აჭარის მთავრობას სტიქიით დაზარალებული ოჯახების სათანადო საცხოვრისზე უფლების დაუყოვნებლივი უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სოფელ წაბლანის მცხოვრებლებმა საპარლამენტო არჩევნებს სრული ბოიკოტი გამოუცხადეს.

ადგილობრივების  პროტესტი ათწლეულების წინ მომხდარ ტრაგედიას და სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლის მძიმე სოციალურ გამოწვევებს უკავშირდება. 1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა. 

წლების განმავლობაში სოფლის მოსახლეობამ არაერთი დაპირება მიიღო ხელისუფლებებისგან საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ, თუმცა ადეკვატური ზომები სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს მიღებული - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის,  2 წლის წინ აჭარის მთავრობამ ააშენა სოციალური სახლები ბათუმში და დაზარალებულებს გადასცა, თუმცა ბინები  გარემონტებული არ არის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გარემონტებას ვერ შეძლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში