National Geographic-მა სვანეთი მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

17 ნოემბერი 2020, 17:19 1944 ნახვა

National Geographic-მა სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს. 

გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს.

25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში გამოცემის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას.

მიმართულებები ხუთ კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი.

National Geographic-ის პორტალზე წარმოდგენილია სვანეთის ფოტოები და დეტალურადაა მოთხრობილი რეგიონის შესახებ.

„შორეულ, მაგრამ სტუმართმოყვარე სვანეთს 15 ათასი ფუტი სიმაღლის მწვერვალები დაჰყურებს. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონი შუასაუკუნოვანი ქვის კოშკებით გამოირჩევა, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელ, ასევე თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. ეს ციხესიმაგრეები იმ ეპოქის დასტურია, როდესაც სვანური ოჯახები პატარა სოფლებში საკუთარი მიწის შესანარჩუნებლად მამაცურად იბრძოდნენ. ერთ-ერთი მათგანია უშგული, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. უშგული ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებაა.

ერთ დროს კანონის არარსებობით ცნობილი სვანეთი დღეს სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. როგორც მოგზაური მწერალი და ფოტოგრაფი მიხალ გლომბოვსკი ამბობს, სვანეთში ქეიფი, სადღეგრძელოები და სასმელები დღიურ წესთა ნაწილია.

სვანეთი გამოირჩევა ტრანსკავკასიური სამთო ბილიკებით. ეს არის სალაშქრო ბილიკების ქსელი, რომელიც ერთმანეთთან საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს აკავშირებს. მოლაშქრეებისთვის პოპულარულია ოთხდღიანი ტურები მესტიიდან უშგულამდე, სადაც უმაღლეს მწვერვალებსაც ათვალიერებენ“, – წერს გამოცემა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში