ბათუმში საარჩევნო უბნებთან "სირცხვილის დერეფნები" აღარ მოეწყობა - ოპოზიცია

20 ნოემბერი 2020, 15:23 2013 ნახვა

ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, ხვალ ბათუმში, საარჩევნო უბნებთან "სირცხვილის დერეფნები" აღარ მოეწყობა. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის თქმით, სუსი პროვოკაციებს გეგმავს, ამიტომ დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს. 

''დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რომ ხვალ ე.წ მეორე ტურთან დაკავშირებით სუსი აორგანიზებს კრიმინალურ ჯგუფებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასარბევად. ზუსტად ვიცით, რომ პოლიცია უნდა გაიწიროს და კრიმინალურმა ჯგუფებმა ქალაქში უნდა მოაწყონ პროვოკაციები. ჩვენ, ყველამ კარგად ვნახეთ რა ხდება ბოლო დღეებში და რა მოლოდინიც გვაქვს.

მივიღეთ გადაწყვეტილება, ძალიან მშვიდობიანი აქცია, რომელსაც ჩვენ ხვალ ვაპირებდით და ეს იქნებოდა საარჩევნო უბნებთან პლაკატებით ხელში დგომა და რამდენიმე გამყალბებელისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობა აღარ გავაკეთოთ.

იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში იყოს უსაფრთხოება, იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა და არა მხოლოდ მათ, ამ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიიღონ, რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის, მაგრამ ხვალინდელი აქციები საარჩევნო უბნებთან არ გაიმართება.

ძალადობა და პროვოკაციები ''ქართული ოცნების'' ხელწერაა, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ,,ქართულ ოცნებას” ძალიან მშვიდობიანი აქციებით დავასრულებთ და ვაიძულებთ მას, მისი მონაწილეობით თუ მის გარეშე ჩატარდეს ხელახალი სამართლიანი არჩევნები'' - განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

​სირცხვილის კორიდორების მოწყობა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ აქციაზე დააანონსა. გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში