ეწვიეთ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს და ნახავთ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, როცა არსებობს სრული მობილიზაცია - რიჟვაძე ოპონენტებს

01 დეკემბერი 2020, 11:47 1117 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება გაგრძელდება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შეძენილია დამატებით დიალიზის აპარატები და ჟანგბადის დანადგარები, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში დეკემბერში დამონტაჟდება.

"ეპიდემია და პანდემია განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს როგორც ქვეყანაში, ასევე აჭარის რეგიონში. ამ მიმართულებით, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული მობილიზება, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, როგორც მედპერსონალის, ასევე ყველა იმ პირის მაქსიმალური ყურადღება, რომლებიც სამედიცინო სერვისების მიწოდებაშია ჩართული.

ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გადაქცეულიყო მძიმე პაციენტების მართვის ერთ-ერთ მძლავრ ცენტრად და რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერება, მისი აღჭურვა გაგრძელდება. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შევიძინეთ, როგორც დამატებით დიალიზის აპარატები, ასევე ჟანგბადის დანადგარები, რომლებიც დეკემბერში დამონტაჟდება და სრულად ბოლომდე გაიმართება.

იმ ოპონენტებს და სკეპტიკოსებს, რომლებიც თვეების განმავლობაში მხოლოდ კრიტიკით არიან დაკავებული და არაფრად აგდებენ არც ექიმების და არც იმ ადამიანების შრომას, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავს და კითხულობენ, ძალიან ბანალურად, რისი გაკეთება შევძელით, ეწვიონ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს და ძალიან კარგად ნახავენ თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, როცა არსებობს სრული მობილიზაცია და არსებობს ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში