ბრიტანეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ "ფაიზერის" ვაქცინა დაამტკიცა

02 დეკემბერი 2020, 13:27 1508 ნახვა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველმა ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა. მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

​ბრიტანეთში აცხადებენ, რომ წამალმა, რომელმაც covid-19-ის წინააღმდეგ ეფექტურობის 95%-ი აჩვენა, უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

“დღეს მთავრობამ მიიღო დამოუკიდებელი მედიკამენტების და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს რეკომენდაცია Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება მიიღეს თვეების განმავლობაში მკაცრი კლინიკური გამოკვლევებისა და ექსპერტთა მონაცემების მკაცრი ანალიზის შემდეგ, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტურობის მკაცრ სტანდარტებს”, – აცხადებს ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი მეტ ჰენკოკი.

დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ვაქცინის 40 მილიონი დოზა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელად არის საჭირო. პირველ ეტაპზე ვაქცინა, რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი.

Pfizer-ის ვაქცინამ ავტორიზაცია ყველაზე სწრაფად, 10 თვეში მიიღო.

ცოტა ხნის წინ, Pfizer-მა და მისმა პარტნიორმა BioNTech-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში შეიტანეს. ფედერალური უწყების დამოუკიდებელი ექსპერტები კლინიკური კვლევების შედეგების განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბებიან.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, ვარაუდობენ, რომ ამერიკაში ვაქცინა უკვე 25 დეკემბრამდე იქნება ხელმისაწვდომი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში