კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი არის ნატოს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც საქართველო რამდენჯერმე არის მოხსენებული - ზალკალიანი

03 დეკემბერი 2020, 12:18 782 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას და აახლოებს ქვეყანას ნატო-ს წევრობასთან.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია ნატოს შესაბამისი ექსპერტების მიერ. დოკუმენტში ნახსენებია საქართველოც. 

''ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგით დავბრუნდით ნატოს მინისტერიალიდან. გუშინ ერთხმად იქნა მიღებული ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია.

2014 წელს მიიღო საქართველომ უელსის სამიტზე ნატოს არსებითი პაკეტი, რომელიც 14 პროგრამისგან შედგებოდა. პროგრამების რაოდენობა  კიდევ სამით გაიზარდა და მნიშვნელოვნად გაძლიერდა კომპონენტები და ელემენტები. 

ეს არსებითი პაკეტი აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, გვაახლოებს ნატოს წევრობასთან და მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან. 

ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად წინგადადგმული  ნაბიჯი. გუშინდელ შეხვედრაზე თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინიტრებმა ერთხმად აღიარა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს  ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ნატოში ინტეგრაციის გზა მოიცავს, როგორც თავდაცვის სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს, ასევე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დემოკრატიული კუთხით გატარებულ რეფორმებს. 

ეს იყო კიდევ ერთი აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ ის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც  შემუშავებულია ნატოს შესაბამისი ექსპერტების მიერ. ეს გახლავთ ნატო 20-30 სტრატეგია. ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ნატოს სამომავლო პერსპექტივებს, თუ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს ორგანიზაცია.

ამ დოკუმენტში საქართველო რამდენჯერმე არის მოხსენიებული. ძალიან მნიშვენლოვანია, რომ მოხსენებული ვართ ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. აღნიშნულია სარეკომენდაციო ნაწილში, დადასტურებული არის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი'' - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში