იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა - ოპოზიცია მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე

07 დეკემბერი 2020, 16:52 1357 ნახვა

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციური პარტიის წარმომამდგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი დეტალებზე შემდგომ რაუნდამდე ვერ ისაუბრებდნენ, თუმცა მათივე განმარტებით რაღაც საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხერხდა, თუმცა რიგ საკითხებზე დარჩენილია აზრთა სხვადასხვაობა.

"დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იყო გარკვეული საკითხები სადაც, პოზიციების დაახლოება მოხერხდა, თუმცა დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი სადაც პოზიციების დაახლოება ვერ მოხდა. ხვალ გაიმართება შემდეგი შეხვედრა და იმედია ხვალის შეხვედრის შემდეგ შეგვეძლება დეტალები გავაცნოთ საზოგადოებას"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით ბაქრაძემ.

შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა არც "ლელოს" წარმომადგენელმა, თუმცა ბადრი ჯაფარიძის განმარტებით სასარგებლო შეხვედრა იყო.

"მეტს დღეს მე ვერაფერს ვეღარ გეტყვით, იყო სასარგებლო შეხვედრა, ეს ნიშნავს, რომ პოზიციები რაღაც საკითხებზე დავაახლოვეთ"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის განცხადებით, მან ელჩებს თხოვა შუამავლობა იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდში, მოლაპარაკებებს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი დაესწროს.

"მე გეტყვით მთავარ განცხადებას, რაც დღეს იქ, დახურულ სხდომაზე გავაკეთე.იმედია ეს დარღვევად არ ჩამეთვლება რადგან ჩემი აზრია და ჩემი განცხადებაა. ვინაიდან ამ ქვეყანაში ბედისწერით და საუბედუროდ ყველაფერს წყვეტს ერთ კაცი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და არა მისი პარტია და მისი პარტიის ლიდერები ამიტომ მე მოვითხოვე, რომ მეოთხე რაუნდზე ბიძინა ივანიშვილი პირადად გამოცხადდეს და გაგვცეს პასუხი იმ საკითხებზე რაც აქ წყდება. მე ვთხოვე ელჩებს შუამავლობა ამის თაობაზე"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პოლიტიკური პარტია „ გირჩის“ ლიდერის, განცხადებით, არის პუნქტები, რომლებზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა პრინციპულ საკითხებზე ჯერჯერობით შეთანხმება შეუძლებელია.

„პუნქტებად გავიარეთ „ქართული ოცნების“ წინადადებაც და ოპოზიციის წინადადებაც. იყო რაღაც საკითხები, რაზეც შევთანხმდით, მაგრამ დარჩა ბევრი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელია. არ მაქვს იმის უფლება, რომ დეტალები გითხრათ. მაგრამ  იმის თქმა შემიძლია, რომ  არის რაღაც პუნქტები, რაზეც თანხმობის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ არის პრინციპული საკითხები, რაზეც ჯერჯერობით პოზიციები დაახლოებულიც კი არ არის,“- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში