ყველა დეპუტატს შეუწყდება უფლებამოსილება, რომელიც განცხადებით მოგვმართავს - კობახიძე

09 დეკემბერი 2020, 15:24 1316 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს.

"ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყდეს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ცალკეული რადიკალური პარტიები ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად. 

''ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ როგორც ჩანს, ამ პარტიებზე არჩევნების გადამოწმების თაობაზე ამდენი დროის დახარჯვა შეცდომა იყო.

,,რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს ჰყოფნის თავხედობა და დასაბუთების გარეშე ეჭვქვეშ აყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ არჩევნების შედეგებს. ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია არაფრად აგდებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და მათთვის არჩევნების ერთადერთი ობიექტური შემფასებელი მთავარი არხი და ნიკა გვარამიაა, რომლებიც პანდემიისას პოლიტიკური მოროდიორობის ხარჯზე ეწევიან სისტემურ პროპაგანდას საზოგადოებაში ტოტალური ნიჰილიზმის დასათესად და ცდილობენ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისის საფრთხის ქვეშ დააყენონ.

მიუხედავად ამისა, მოლაპარკებების დაწყებისთანავე ჩვენ შევთავაზეთ:

. 1500-მდე საარჩევნო უბნის გადათვლა, რათა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ საარჩევნო უბნებზე არანაირი სისტემური ხარვეზები არ არსებობდა;

. საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული 3700-ზე მეტი ვიდეოჩანაწერის გამოყენება, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ე.წ საარჩევნო კარუსელს ადგილი არ ჰქონია; 

. სატელევიზიო დებატები, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებია სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ სამივე ამ შეთავაზებაზე კატეგორიული უარი მივიღეთ.

ჩვენი შეთავაზების მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ცალკეული პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებსაც წელს ჰქონდათ საარჩევნო დებიუტი, არ ჰყავდათ წარმომადგენლები კომისიებში, რის გამოც მათ სურვილი არჩევნების კორექტურობასთან დაკავშირებით და გადამოწმების ინტერესი სავსებით ლეგიტიმურად უნდა შეფასდეს.

ყველაზე ხისტი პოზიცია ჩვენს შეთავაზებებზე დააფიქსირეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ", რომლის ლიდერები არჩევნების გაყალბების ისტორიის შემქმნელები არიან და კარგად იციან, რომ არჩევნების გადამოწმება მის სამართლიანად ჩატარებას დაადასტურებდა.

მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობის გამოხატულება იყო ისიც, რომ მიუხედავად წინა დღეებში მიღწეული პრინციპული შეთანხმებისა საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, მათ გუშინ მოლაპარაკებებზე წარმოადგინენ რამდენიმე ახალი ულტიმატუმი, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული სისტემის სტაბილური განვითარების ინტერესებთან. მათ ამოძრავებთ ერთადერთი ინტერესი, ეს არის ამბოხი, დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ'' - განაცხადა კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში