თუ, ელჩებთან შეხვედრიდან გამოვალ გაწიკწიკებული საარჩევნო წესებით, პარლამენტში შევალ - ელისაშვილი

09 დეკემბერი 2020, 14:12 971 ნახვა

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუ ელჩებთან მოლაპარაკებების პროცესში საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმებზე შეთანხმდებიან.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ახლა არის მომენტი, როცა ოპოზიციას მოლაპარაკებებიდან შეუძლია „საქართველოს მომავალი“ გამოიტანოს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც მოლაპარაკებებზე დავდივარ არის ის, რომ ერთჯერადი რაღაც ხეირი და სარგებელი კი არ მინდა, მე ან ჩემს პარტიას, არამედ მთავარი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნები იყოს არჩევნები, არჩევნებს ვენდობოდეთ და არჩევნებზე მივდიოდეთ როგორც ზეიმზე.

აბა გავიხსენოთ, ნანა დევდარიანი, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, ახლა თამარ ჟვანია, რასთან არიან ასოცირებული? ეს ხალხი საქართველოსთან შერცხვენილი ხალხია არჩევნების გაყალბებით. მე მინდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პატივსაცემი ადამიანი. ვირჯები იმისთვის, რომ არჩევნებს ვენდობოდეთ და წესიერი ცესკო იყოს, წესიერი საარჩევნო სისტემა იყოს, რომელიც რომელიმე პარტიაზე კი არ იქნება მორგებული, არამედ ქვეყნის მომავალზე იქნება მორგებული.

ამ შეხვედრიდან ისეთი წესები წამოვიღოთ, ისეთი წესები გვეჭიროს ხელში, ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ გაყალბების შანსი მინიმუმამდე იყოს დასული.

ეს საშვილიშვილო შედეგი მინდა, რომ წამოვიღო და ამისთვის ვიბრძვი მე პირადად. ერთადერთი, რასაც გავამხელ, ელჩებთან ვსხედვართ და დროის სამი მეოთხედი ეთმობა დეტალებზე ლაპარაკს-ცესკო როგორ დაკომპლექტდეს,თავმჯდომარე ვინ უნდა იყოს, საოლქო კომისიას რა უნდა ჰქონდეს, საუბნო კომისია როგორი უნდა იყოს, ეს არჩევნების წესი როგორი უნდა იყოს, ბიულეტენის ჩაყრის პროცესი როგორი უნდა იყოს, დაკვირვება როგორი უნდა იყოს, ამას მივყვებით საათობით. 

ვცდილობ იმ მოლაპარაკებიდან გამოვიტანოთ საშვილიშვილო რაღაც, ჩემ შვილებთან ვიყო მართალი, თვალებში ჩავხედო, თქვენ შვილებთან, თქვენ მომავალთან ვიყო მართალი და ვუთხრა, რომ, ხალხნო დაისაჯა „ქართული ოცნება“ იმით, რომ, სინამდვილეში, ეს არავის დასჯა არ იქნება, ამ ქვეყნის წარმატება და გამარჯვება იქნება, რომ ხელში გვიჭირავს გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, ადმინისტრაციის დაკომპლექტება.

30 წელია, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა რა არის, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ან რევოლუცია ხდება, ან გადატრიალება, ან უბედურება. მინდა, ეს წარსულს ჩავაბაროთ და არჩევნებზე მივდიოდეთ არა შიშით, რომ, ვაიმე, იქ ძველი ბიჭი არ იყოს, იქ სუს-მა არ დამინახოს, არ შემოვხაზო ცუდად... შემოვხაზოთ და შემდეგ აღარ გვქონდეს შიში, რომ იქ ვიღაც თამარ ჟვანია და ვიღაც დაჯდება, იმამაძაღლებს. ამისთვის ვიბრძვი და პირდაპირ გეუბნებით, მე მწამს, რომ ახლა გვაქვს მომენტი, შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი.

ამაზე ვმუშაობთ იქ საათობით და ამისთვის ვიბრძვი, იქაც ვამბობ, აქაც ვამბობ, ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც ყველანი მივადექით.

თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანას ეშველოს, ამოისუნთქოს, თუ გვინდა, რომ ხელისუფლებები იცვლებოდნენ, ვინც დაპირებებს არ ასრულებს, რა არის მთავარი მექანიზმი? ქუჩაში ხომ არ უნდა მივსდევდეთ ზარბაზნით? გაგვიკეთებია და დავანგრიეთ  ერთხელ 90-იანებში. არ მოგვწონს ვიღაც? დაგვპირდა, რომ აგვაშენებს, აგვაყვავებს?  წავალთ არჩევნებზე და გადავირჩევთ, ოღონდ, ეს მექანიზმები უნდა გვედოს ხელის გულზე. გული კი არ უნდა გვისკდებოდეს, მე კი შემოვხაზე, მაგრამ რა იცი, შემდეგ რა იქნება, აი, ამისთვის ვიბრძვი.

პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქიდან ეს დოკუმენტები, ეს გარანტია მეჭირება ხელში, რა თქმა უნდა, პარლამენტში შევალ.

ისე გახადეს, პარლამენტში არ შეხვიდე, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო, გეგონება, საქართველოს უნდა ვუღალატო, პარლამენტში თუ შევალ. ასე ტყუილა პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, ქუდი რომ შემიგდონ და არც შევდივარ, ხომ ხედავთ. ერთი თვეა, ფეხი გაფიჩინებული მაქვს და მოლაპარაკებებზე დავდივარ ,,პასტით'' და ფურცლით, რომ რაც შეეხება არჩევნებს, ეს, ეს უნდა გაკეთდეს, ამაზე ვმუშაობთ. ამით თუ გამოვალ, იქიდან გამოვალ თავაწეული და ვფიქრობ, ყველა გამოვა თავაწეული, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს, არ აურიოს ქვეყანა და რევოლუცია არ მოახდინოს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში