პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს 

11 დეკემბერი 2020, 15:43 1653 ნახვა

 საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. მას 86 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. როგორც ცნობილია სხდომათა დარბაზში არ არის ოპოზიცია. ისინი ბოიკოტს აცხადებენ და მანდატებზე უარს ამბობენ. 

მანამდე კი არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს სიტყვით მიმართა. 

''საქართველომ არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატარა 2020 წლის არჩევნები, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. მონაწილეობა მიიღო 2 მილიონამდე ამომრჩეველმა და უფლება არ  გვაქვს  ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. 

აღნიშნულმა არჩევნებმა შექმნა მრავალპარტიული პარლამენტი და ეს მიღწევა ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. 

დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა და მოლაპარაკების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამოყენება პარლამენტის გარეთ. 

პასუხისმგებლიანმა, მომავალზე ორიენტირებულმა პოლიტიკოსებმა უნდა მოვძებნოთ შეთანხმების შესაძლებლობა. დავაფასოთ ჩვენი მოქალაქეების მიერ  გამოხატული ნდობა და ჩვენი ქვეყნის მეგობარი ელჩების ძალისხმევა. 

ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს... 

გთხოვთ, ამ საზოგადოებრივ მანდატს განსაკუთრებით მოვუფრთხილდეთ. ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა წავმართოთ მოქალაქეებისადმი დიდი პასუხისმგებლობით'' - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

მისივე თქმით, ''ქართული ოცნება'' შეინარჩუნებს და განამტკიცებს 2012 წლის დემოკრატიული  გარდატეხის უმთავრეს მონაპოვარს - ადამიანის თავისუფლებას და უსაფრთხოებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში