„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა დააკავეს

12 დეკემბერი 2020, 15:21 965 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის მიერ ძებნილი პირის, ბადრი ესებუას ძმა - 1982 წელს დაბადებული ბ.ე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა.

დაკავებულის კუთვნილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი - აცხადებენ შსს-ში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში