ე.წ. სახალხო გენინსპექცის წევრებმა პოლიციელების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს 

21 დეკემბერი 2020, 12:51 1210 ნახვა

ბათუმში მიმდინარე ოპოზიციური პარტიების აქციის ფარგლებში შექმნილი ,,სახალხო გენინსპექციის'' წევრებმა დღეს პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ისინი პოლიციელების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე საუბრობენ და უწყებას მიმართავენ აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება დაიწყოს. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრის ბონდო თედორაძის განცხადებით, ისინი ვიდეომტკიცებულებებსაც ფლობენ. 

მისივე თქმით, პოლიციის მაღალჩინოსნები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მისამართით განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. იდენტიფიცირებულია კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაასაჯაროებენ. 

''საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბათუმში, თავისუფლების კვარტალში მიმდინარე 24 საათიანი აქციის ფარგლებში შექმნილია ,,სახალხო გენინსპექციის'' ჯგუფი, სადაც გაწევრიანებულია პოლიტიკური ერთობა. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ მონიტორინგს გავუწევთ პოლიციის მხრიდან აგრესიულ და უხეშ  ქმედებებს, რომელსაც ისინი  მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მისამართით იჩენენ. კარგად გვახსოვს უკანასკნელი დარბევები, თუ როგორი სიმკაცრით გამოირჩეოდა პოლიცია. მაშინ დავაანონსეთ, რომ იდენტიფიცირებულია რამდენიმე მაღალჩინოსანი პოლიციელი, რომლებზეც ძალის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში. 

ერთობლივი განცხადების საფუძველზე, რომელსაც ყველა აწერს ხელს, მათ შორის არის ვიდეომტკიცებულებები. მოთხოვნაა დაიწყოს გამოძიება და პოლიციის ის მაღალჩინოსნები, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ორ ადამიანზე არის საუბარი -  ირაკლი ჭედიშვილი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა, მხოლოდ ქმედებებში კი არა სიტყვიერადაც. ასევე ე.წ. მოწმედ დანიშნული თანამშრომელი რეზო ხარაზი.

ჩვენ არ გვაქს  დიდი იმედი, რომ პროკურატურა რაიმე ქმედებას განახრიციელებს, მაგრამ პოლიციელების გასაგონად უნდა ვთქვა, რომლებიც სისტემატურად არღვევენ ჩვენს უფლებებს, აუცილებლად დადგება დრო, როცა ამ ფაქტებზე მოხდება რეაგირება'' - განაცხადა ბონდო თედორაძემ. 

აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე ათობით პირი დააკავეს. ნაწილი დააჯარიმეს, რამდენიმე საქმე კი ჯერ არ განხილულა. 

აჭარის საზოგადოებრივი ამუწყებელი პროკურატურას დაუკავშირდა და კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში