მოგვიწევს საგადასახადო შეღავათების გადახედვა - გიორგი გახარია

23 დეკემბერი 2020, 10:40 1202 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მთავრობას საგადასახადო შეღავათების გადახედვა მოუწევს.  გიორგი გახარიას თქმით, ​სამთავრობო პროგრამა მიმართული იქნება იმისკენ, რომ მოვახერხოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა.

''საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი არის თავისუფალი ბაზარი და კერძო  ბიზნესის განვითარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში სახელმწიფომ დახმარება გამოუცხადოს ბიზნეს. ძლიერი ქართული ბიზნესი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რასაც ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ. 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისების პერიოდში ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა არის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი. ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომლის ეფექტიანობაც დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება. ამიტომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სამთავრობო პროგრამის, ფისკალური კონსოლიდაციის და საერთოდ საგადასახადო დისციპლინის ხარისხის გაუმჯობესების“, - განაცხადა გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში