ბათუმში აქტიურად გაგრძელდება განათლების ქალაქის მშენებლობა - თორნიკე რიჟვაძე

24 დეკემბერი 2020, 14:03 1623 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და კულტურის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში განათლების პოლიტიკა მიმართულია ადამიანური კაპიტალის გაძლიერების, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების ჩამოყალიბების, თანამედროვე მოთხოვნების სასწავლო დაწესებულებების არსებობისა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობის გაძლიერებისკენ.

მისივე თქმით, რეგიონში მოსწავლეებისათვის თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით გაგრძელდება ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 2021 - 2024 წლებში ამისთვის 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

''ბათუმში აქტიურად გაგრძელდება განათლების ქალაქის მშენებლობა, რომელიც გახდება განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელოვანი კერა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნიკით, თანამედროვე საბუნებისმეტყველო და სამეცნიერო ლაბორატორიებით, 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კარპუსით.

განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სოციალურად დაუცველ 1000-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს (100 000 ქულამდე) გადაეცემა პლანშეტური კომპიუტერები. გაგრძელდება პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა.

ბათუმის განვითარებისა და მოსახლეობის ზრდასთან ერთად აქტუალურია ახალი საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა. ამ მიზნით, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება'' - აცხადებს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში