ოპოზიციონერ დეპუტატებს ხელფასები ჩაერიცხათ

25 დეკემბერი 2020, 18:03 983 ნახვა

პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებზე უარის თქმის მიუხედავად ხელფასები დაერიცხათ.  „გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია… ახლა საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, როგორც ეს შალვა ნათელაშვილმა უწოდა. ბიუჯეტში დავაბრუნო? წერს ოპოზიციონერი ნატო ჩხეიძე თავის ფეისბუქ გვერდზე, იგი ასევე კითხვას სვამს ხომ არ გადარიცხოს ფული საქველმოქმედოდ. მილიონერი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ოპოზიციის სხვა წევრები აცხადებენ, რომ ფულის აღებას არ აპირებენ და სავარაუდოდ მას ხაზინაში დააბრუნებენ. 

პარლამენტის აპარატი ოპოზიციონერების ნაწილისთვის სადეპუტატო ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხელფასი, კანონის დაცვით, მხოლოდ მათ ჩაერიცხათ, რომლებიც მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებიც იყვნენ და მათი რეკვიზიტები სისტემაში დაფიქსირებული იყო. 

განცხადებაში წერია, რომ მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება ცნო, პარლამენტის აპარატმა დეპუტატებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების თანახმად, პარლამენტის აპარატი, მათი კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვის განხორციელების მიზნით ითხოვდა დეპუტატების საბანკო რეკვიზიტებს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში