საკადრო ცვლილებები ბათუმის მერიაში

31 დეკემბერი 2020, 11:54 2246 ნახვა

ბათუმის მერიის აიპებში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა 10-ზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლა. მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების ნაწილი სხვა სამსახურში გადადის, რამდენიმე მათგანი კი ძველ პოზიციაზე რჩება. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯუმბერ კობალაძე, მას ჯაბა ბერიძე ჩაანაცვლებს. ჯაბა ბერიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. ჯაბა ბერიძე ბათუმის საკრებულოს წევრიც იყო. ასევე მუშაობდა ტურიზმის დეპარტამენტში. 

გაათავისუფლეს „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორი ჯონი საბაშვილიც. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

''გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ მიიღოო, ჩვენი მუშაობიდან გამომდინარე არ ყოფილა. ველოდები ცვლილებებს, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი'' - ამბობს საბაშვილი. 

საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ბადრი ფარტენაძეს, რომელიც შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ სიახლეებს ელოდება. 

ახალ სამსახურში გადადის „სანდასუფთავების“ დირექტორი დავით დუმბაძე. მან მაუწყებელს უთხრა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე აჭარის უმაღლეს საბჭოში გადადის. დუმბაძე ''სანდასუფთავებაში'' სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. 

თანამდებობას დატოვებს ასევე სულხან ევგენიძე, ის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ეგვენიძე ''სანდასუფთავების'' სამსახურში გადადის. 

არსებული ინფორმაციით, თანამდებობას ვერ ინარჩუნებს ვერც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე.

''ბათუმის წყლის'' პრესსამსახურის ინფორმაციით ირაკლი ბაკურაძე ამ ეტაპზე  მოვალეობას ასრულებს,  ხელმძღვანელად დანიშვნის ბრძანებას კი ელოდებიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში