ლოგიკური იყო მისი გადაწყვეტილება, რომ გუნდს, რომელმაც უკვე გამოიარა გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება, გადასცეს პასუხისმგებლობა მართვაზე

11 იანვარი 2021, 15:47 956 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ მზად არის, საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულოს.

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პარტიაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას  აუცილებლად აცნობებენ. 

,,ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც სრულად საუბრობს იმ არგუმენტაციაზე, რომლითაც იხელმძღვანელა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივცეთ პოლიტიკური შეფასება და ასევე, მე მსურს ადამიანურად მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, ვინაიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებთ. 

დავიწყებდი დემოკრატიის გაძლიერებით, ეს იყო საკონსტიტუციო რეფორმა, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები და ინსტიტუციური რეფორმები, რის შედეგადაც ხელისუფლების შტოებს შორის ფუნქციების გამიჯვნა მოხდა და მოხდა ინსტიტუციური დემოკრატიის განხორციელება. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც ქვეყანას აქვს ხელშესახები პროგრესი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. შემდეგი არის ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა, რომელიც იყო პრობლემური წინა  ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. დღეს ბიზნესი თავისუფალია'' - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

მისივე განცხადებით, საქართველო, ამ წლების განმავლობაში, დასავლეთისთვის გახდა საიმედო პარტნიორი.

''საქართველო ამ წლების განმავლობაში გახდა საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების თვალსაზრისით დასავლეთისთვის, აშშ-სთვის, ევროკავშირისთვის და რა თქმა უნდა, ეს მოხდა, როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე საქართველოს შესაძლებლობების რეფორმით ნატო-ს სტანდარტებთან მიმართებაში. ასევე, მინდა ყურადღება გავამახვილო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ეს არის ეკონომიკური, სოციალური, ტურისტული ინფრასტრუქტურა, მაგისტრალური გზები. ამ ყველაფრის განხორციელება მოხდა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით.

შესაბამისად, ამ გაწეული სამუშაოს ფონზე, როდესაც მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რა თქმა უნდა სრულიად ლოგიკური უკვე მისი გადაწყვეტილება, რომ ახალ გუნდს, რომელმაც უკვე გამოიარა გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება, გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მართვაზე. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის, ეს პასუხისმგებლობა პირნათლად განახორციელოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში