დავუჭირე მხარი კონკრეტულად არქიტექტურას, რომელიც არის ძალიან კარგი - აკაკი ძნელაძე ''ამბასადორის'' პროექტზე 

22 იანვარი 2021, 16:21 1813 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ძეგლთა საბჭოს წევრის კაკო ძნელაძის თქმით, ''ამბასადორი ბათუმის'' პროექტი არქიტექტურულად მოსწონს და სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას მშენებლობა 16 სართულამდე გაიზარდოს. 

საბჭოს წევრი ფიქრობს, რომ შენობა ბულვარს დაამშვენებს და არ იქნება ''მონსტრი''. 

კაკო ძნელაძე ამბობს, რომ გარკვეული უხერხულობები არის, თუმცა ის მხარს უჭერს სუფთა ხელოვნებას. 

''დავუჭირე მხარი კონკრეტულად არქიტექტურას, რომელიც არის ძალიან კარგი. ეს იქნება გაგრძელება იმ ამბასადორის ორანჟერიის, რომელიც ძალიან ბევრს მოსწონს.

მე როგორც ერთი დამოუკიდებელი ადამიანი ამ არქიტექტურას მხარს ვუჭერ. შენობა დაამშვენებს იმ ადგილს და იქნება დომინანტი ჩვენი ქალაქისთვის. კი რაღაც უხერხულობას ქმნის 16 სართული, მაგრამ შვიდი სართულის შემდეგ არის მინებიანი შეფუთვა, რომელშიც შეიძლება მთლიანად აირეკლოს ბულვარის მწვანე ხაზი. ისეთი ''მონისტრი'' ცუდი გაგებით არ იქნება. 

მე ჩემი გამოცდილებიდან ვსაუბრობ, ბევრი რამ მინახავს დასავლეთში ამდაგვარი, მაღალი არქიტექტურის შენობა, თუნდაც პარიზში, ბულონის ტყეში ლუი ვიტონის შენობა, რომელიც 2014 წელს აშენდა. იქაც იყო ბევრი კითხვები. თქვენ შეგიძლია ნახოთ გენიალური არქიტექტურაა. იქაც პარიზელები აბობოქრდნენ, მაგრამ დღეს არის ბრენდი, ძალიან დიდი საგამოფენო დარბაზია. 

ჩემი აზრით ეს არქიტექტურული თემა არის ძალიან კარგი. რაღაც უხერხულობები არის რა თქმა უნდა, მაგრამ მე სუფთა ხელოვნებას ვუჭერ მხარს და ალბათ გაამართლებს'' - ამბობს კაკო ძნელაძე. 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს უმრავლესობა თანახმაა კომპანია „ამბასადორი ბათუმმა“ ძველ ბულვარში დაწყებული მშენებლობა 16 სართულამდე გაზარდოს. გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ხვალ ბათუმში საპროტესტო აქციაც იგეგმება. მოქალაქეები ძველ ბულვარში მრავალსართულიანი ობიექტის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. 

კომპანიის იურისტი ამბობს, რომ ,,ამბასადორი ჯგუფი'' აბსოლუტურ ჰარმონიაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში