ჩავლეიშვილი მანდატს ქონების დასაცავად დათანხმდა და ბიზნესი ღირსებაზე მაღლა დააყენა - ''ალტერნატივა'' 

25 იანვარი 2021, 15:59 1948 ნახვა

მოძრაობა "ალტრნატივას" წევრებმა გონიოში ერთ-ერთ სასტუმროსთან, რომელიც მათი თქმით ირაკლი ჩავლეიშვილს ეკუთვნის, აქცია გამართეს. ამბობენ, რომ ადგილი სიმბოლურად შეარჩიეს. ხათუნა ბერიძის განცხადებით, ჩავლეიშვილი მანდატს  საკუთარი ქონების დასაცავად დათანხმდა და ბიზნესი ამომრჩეველზე მაღლა დააყენა.

''ალტერნატივას'' ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროტესტის მსგავს ფორმას აღარ გამოიყენებენ, მაგრამ ეს შემთხვევა სხვებისთვის მაგალითი იქნება. 

''სწორედ  სასტუმროების და ბიზნესინტერესების გამო  უღალატა ამომრჩეველს. არავის არ მოსწონს ნაგვის თავზე დაყრა და ამის ყურება, თუმცა ირაკლი ჩავლეიშვილმა დაიმსახურა. უსამართლოდ მოექცა  მის ამომრჩეველებს, მხარდამჭერებს რომლებიც კარდაკარ დადიოდა მასთან ერთად სიცივესა და ყინვაში, არწმუნებდა ხალხს, რომ  მისთვის მიეცათ ხმა. ზუსტად ასეთი ჩინოვნიკები გვყავს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ვერ განვითარდა ქვეყანა. მათივე მეთოდებით გვიწევს ჩვენ ბრძოლა. 

ყოველთვის ვიბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ და გამოვააშკარავებთ ასეთ ადამიანებს. რა თქმა უნდა მსგავს არ გავიმეორებთ და ეს იქნება მაგალითი ყველასთვის, რომ შემდგომში ვეღარ გაბედონ ღალატი. შესაძლო იყო ირაკლი ჩავლეიშვილის ქონებას საფრთხე შექმნოდა და მისი ბიზნესი ვერ განვითარებულიყო, ამიტომ მან ამჯობინა ეღალატა საკუთარი მოსახლეობისთვის, ვიდრე ცოტა ხნით უფულოდ ყოფილიყო'' - განაცხადა ხათუნა ბერიძემ. 

ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცის ციხეში წასვლის მომხრე არ არის და მას არ უჩივლია, თუმცა განმარტავს, რომ ყველა პასუხისმგებელი უნდა იყოს საკუთარ საქციელზე. 

რაც შეეხება ბიზნეს, დეპუტატის განცხადებით, სასტუმრო არის ფირმის, რომლის ერთ-ერთი მეწილე მისი შვილია, თავად კი ბიზნეს უკვე წლებია ჩამოშორებულია. 

''ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ ციხეში წავიდეს, თუმცა ყველა ადამიანი აგებს თავის საქციელზე პასუხს. მე არც მიჩივლია. ძალიან ვწუხვარ ობოლი ყოფილა და ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი საკუთარი საქციელით. ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე იმით, რომ კულტურული, ზრდილობიანი და ოჯახში გაზრდილი ადამიანი ასე ნამდვილად არ იქცევა. გამოხატვის ფორმებს ნუ მასწავლიან და ლიბერალურ-დემოკრატიას, ძალიან კარგად ვარ გარკვეული. მე თვითონ ლიბერალური პარტიის წევრი ვარ.  

დიდი ხანია ბიზნესში აღარ ვარ, რაც საჯარო მოხელე გავხდი. ეს სასტუმრო არის ფირმის საკუთრება, რომლის მეწილეც ჩემი შვილია. სადაც უნდა იქ დადგნენ, ადრეც ვავსებდი დეკლარაციას და ახლაც მომიწევს. არაფერი მაქვს დასამალი. ყველამ თავის ქონებას და წარსულს მიხედოს. სახელმწიფოსთან და კანონის მიმართ არანაირი პრობლემა არ გამაჩნია'' - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში