სამუშაო ადგილები და ინვესტიციების ხელშეწყობა მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია - პრემიერი

08 თებერვალი 2021, 15:47 1720 ნახვა

ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციების ხელშეწყობა არის საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტები და ამ პროცესში ბიზნესის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიდგას, რათა პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე, ქვეყანამ კონკურენტული პოზიცია და ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების პოტენციალი შეინარჩუნოს.

ყურადღება გამახვილდა რეკომენდაციების დაცვაზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში გაგრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები, გაიზრდება კაპიტალური ხარჯები, დაჩქარდება სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ასევე სახელმწიფო საწარმოების სისტემური რეფორმა, რათა მათი მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

„ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვინაიდან ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია გლობალურად შექმნილი ვითარებით გამოწვეული კრიზისიდან სწრაფად გამოსვლასთან. ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები თქვენგან და იცოდეთ, რომ თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა“ - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მსხვილ დამსაქმებლებს.

შეხვედრაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში