მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებისათვის 0-დან 3%-მდე ბარიერს განიხილავს - უმრავლესობის სხდომა დასრულდა

08 თებერვალი 2021, 20:11 1211 ნახვა

''ქართული ოცნების'' ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. 

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

„ჩვენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიარეთ რეფორმასთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები, გავმართეთ დისკუსიაც ამ თემაზე. აქვე, გვინდა ყურადღება შევაჩეროთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და გააგრძელებენ მუშაობას. ხვდებით, რომ ამ შემთხვევაში საუბარია პარტია „გირჩზე“. ისინი, ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ, ეს იყო როგორც საჯარო, ასევე პირად საუბრებშიც. შეგახსენებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა საპარლამენტო პარტიისთვის, ჩვენ ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების, ანუ მანდატების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან სამ პროცენტამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ამავე ფარგლებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, - რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია სხვა საპარლამენტო პარტიების დამოკიდებულება და პირობა იგივე საკითხთან დაკავშირებით, იზიარებენ თუ არა ისინი პარტია „გირჩის“ ამ პოზიციას და პირობას საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს მათი პოზიციაც ამ საკითხზე“,- განაცხადა მდინარაძემ.

დღეს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ცესკო-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დისკუსიის მთავარი თემა საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ის მემორანდუმი იყო, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა. რეფორმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლებურად დაკომპლექტებას, ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას და ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში