დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეობას ტოვებს

12 თებერვალი 2021, 18:30 956 ნახვა

"ევროპული საქართველოს“ მომავალ ყრილობაზე დავით ბაქრაძე პარტიის თავმჯდომარედ კენჭს აღარ იყრის. გადაწყვეტილების შესახებ დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის მომავალ ყრილობაზე თავის კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარეობაზე აღარ დააყენებს.

"ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, პარტიის მომავალ ყრილობაზე, რომელიც გაიმართება არაუგვიანეს მაისისა, არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ამის პირველი მიზეზია პარტიის განახლების აუცილებლობა. დღეს საზოგადოების დაკვეთაა, რომ პარტიაში და მთლიანად ოპოზიციაში ჩნდებოდნენ ახალი სახეები და არ არსებობდნენ მუდმივი ლიდერები. ვფიქრობ, რომ ჩემი 4-წლიანი თავმჯდომარეობა პარტიისთვის იყო კარგი, მაგრამ კიდევ 4 წლით დარჩენა იქნებოდა ცუდი. სიტყვა ,,ევროპული'', არ არის მხოლოდ პარტიის სახელი. ევროპულობა გულისხმობს შიდა კონკურენციას, ევროპულობა გულისხმობს მუდმივ განახლებას, პროგრესს. პირველი მიზეზი რატომაც  არ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას ყრილობაზე, იქნება სწორედ განახლების აუცილებლობა პარტიაში.

მეორე მიზეზი უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას და მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, არჩევნების შედეგები "ევროპული საქართველოსთვის“ იყო ცუდი. მიმაჩნია, რომ თანამედროვე პოლიტიკის კულტურის საკითხია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგზე. ბრალეულობაზე არ არის საუბარი. საუბარია პასუხისმგებლობაზე. მე, როგორც ლიდერი, მიმაჩნია, რომ უნდა ვიყო პასუხისმგებლობის მაგალითი, როდესაც პარტიის შედეგი, თუნდაც გაყალბებით, მაგრამ არის უარესი, ვიდრე უნდა იყოს, ამიტომ პარტიის ლიდერმა, უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯი, განახლების და პასუხიმგებლობის გამო. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ დავაყენო ჩემი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, მომავალ ყრილობაზე. განახლების და პასუხისმგებლობის სწორი სიგნალი არის მაშინ, როდესაც ლიდერები ასპარეზს უთმობენ ახალ სახეებს. ჩემი გადაწყვეტილება მივიღე ამ თვალსაზრისით და გზას ვუთმობ ახალ სახეებს ამ პარტიაში.

მე არ მივდივარ პოლიტიკური ოპოზიციური ფლანგიდან, მე არ ვცვლი ჩემს პოზიციებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდან პარლამენტში შესვლა არ განიხილება, საპარლამენტო ბოიკოტი არის ძალაში. ვიღებ პაუზას პარტიულ პოლიტიკაში, მაგრამ ვრჩები ოპოზიციურ პოლიტიკაში და ოპოზიციურ ფლანგზე" - განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში