კომიტეტის წევრებმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს 

16 თებერვალი 2021, 11:58 818 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას საპროცედურო საკითხთა, წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებით გენერალურ პროკურორს მიეცა თანხმობა, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით მიმართოს სასამართლოს.

მოუხსნიან თუ არა ნიკა მელიას იმუნიტეტს, ამას დეპუტატები პლენარულ სხდომაზეც განიხილავენ. 

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში