არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ სასამართლოში, დემოკრატიული ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა - ვოლსკი

17 თებერვალი 2021, 23:54 805 ნახვა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

"რასაც ვუყურებთ, ვერდიქტის შემდეგ მიმდინარე პროცესებს, საერთოდ ამ ვითარებას, შეიძლება ითქვას,  მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა და ნაწილი გააჩნია. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, აუცილებელი არ არის, იურისტი იყო რომ მიხვდე, რომ რაღაც ხდება ისეთი, რაც კითხვებს ბადებს. არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სასამართლოში, დემოკრატიული ქვეყნები მაქვს მხედველობაში, ვერც ერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ყველამ კარგად იცით, რომ თავიდან იყო გამოტანილი ვერდიქტი, რომ სამაჯური და გარკვეული შეზღუდვებით უნდა ყოფილიყო ნიკა მელია და დალოდებოდა იმ მთავარ სასამართლოს, პირობითად დავარქვათ, როდესაც განიხილებოდა იყო თუ არა შტურმში მისი მონაწილეობა რეალური. შესთავაზეს  გირაოს გადახდა და ხელზე სამაჯურის გაკეთება, რაც ერთადერთი პირობა იყო, რომ უნდა შეესრულებინა.

როდესაც ესეთ ვითარებაში, საზოგადოების წინ, დემონსტრაციულად, ხაზგასმით ამბობს, რომ მე ვიხსნი სამაჯურს, ეს იმას ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებს მოდით და შემიფარდეთ სხვა აღკვეთის ღონისძიება. მიუხედავად ამისა, კვლავ მოითხოვეს გირაოს გადახდა. არც ამ თემაზე არ წამოვიდა და რასაკვირველია, გიჩნდება ეჭვი, რომ ეს გამიზნული ქმედებაც შეიძლება ყოფილიყო, რომ როგორმე პარტია, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას არჩევნებში, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას იმ პოლიტიკაში, რასაც გაყალბების თავზე მოხვევა ჰქვია, რომელიც უარს ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას სათავეში ჩაუდგეს და წარმართოს მისი მუშაობა, აქედან გამომდინარე სხვა არაფერი არ რჩება პასუხად, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი არის ფაქტიურად რევოლუციური სცენარის განვითარების ერთ-ერთი მცდელობა,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში