იურიდიულმა კომისიამ ბონდო თედორაძისა და მამული სურმანიძისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას მხარი დაუჭირა

19 თებერვალი 2021, 16:10 1105 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს იურიდიული კომისიის წევრებმა, ბონდო თედორაძისა და მამული სურმანიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას მხარი დაუჭირეს. სხდომას 5 დეპუტატი ესწრებოდა, ოთხმა მათგანმა გადაწყვეტილება მოიწონა, მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო წინააღმდეგი. 

საკითხის განხილვას კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 

აღნიშნულ ​საკითხზე მოგვიანებით ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ, შემდეგ კი საკრებულოს სხდომაზე გავა. 

ოპოზიცია ამბობს, რომ გადაწყვეტილება უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულია. მათივე განმარტებით, ბონდო თედორაძემ და მამული სურმანიძემ წარადგინეს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებდა, რომ გაცდენების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, თუმცა ეს კომისიის წევრებმა არ გაითვალისწინეს. 

''საკრებულოს წევრები, რომ თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ, ხვდებიან ამომრჩეველს, მოქალაქეებს, ატარებენ ფრაქციის სხდომებს, თურმე ეს არ ყოფილა საკრებულოს საქმიანობა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხუთი წევრიდან ოთხმა დაუჭირა მხარი. მამია ჟორდანიამ ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცა, თქვა შევისწავლეთ წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობებიო, ექიმთან კონსულტაცია გავიარეთო და როდესაც ვკითხეთ ვისთან პასუხი არ აქვს'' - აცხადებს მერაბ ცინცაბაძე. 

იურიდიულ საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის მტკიცებულებები, რაც ოპოზიციამ წარადგინა არ არის საკმარისი. თვითმმართველობის კოდექსის, 43-ეს მუხლის, მე-5 ქვე პუნქტის თანახმად, პირი რომელიც ექვსი თვე არ ერთვება საკრებულოს საქმიანობაში, მისი მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი დგება. 

''მათი ვალდებულებაა სხდომებს დაესწრონ. ივნისის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე ისინი არ მონაწილეობდნენ საკრებულოს საქმიანობაში, კომისიამ კი ვერ ნახა საფუძველი, რომ ეს გაცდენები საპატიოდ ჩათვლილიყო. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება. დაინიშნება ბიურო, შემდეგ სხდომა და იქ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას'' - განაცხადა მამია ჟორდანიამ.

ოპოზიციის მოსაზრებას არ იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარე. დავით მჭედლიშვილის გაცხადებით, ჯერ ცნობილი არ არის რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულოს სრული შემადგენლობა. 

პროცედურულად, თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, მის ადგილს საკრებულოში პარტიული სიით მომდევნო წევრი დაიკავებს.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში