მაია ცქიტიშვილმა მინისტრის თანამდებობა დატოვა

19 თებერვალი 2021, 18:16 1043 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილის ნაცვლად, ირაკლი ქარსელაძე იქნება.

"მე და ირაკლი ღარიბაშვილი 15 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს, ჯერ კიდევ საერთაშორისო ფონდ „ქართუში“. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაური იყო, მე მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი და ახლა გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ჩემი ცხოვრების ეს ძალიან საინტერესო 9-წლიანი პერიოდი დავასრულო. ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე წამოვიწყეთ. ძალიან მიხარია, რომ ის და ჩემი არსებული მოადგილეები, გააგრძელებენ ამ საქმეებს. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე ქვეყნისთვის სხვადასხვა პოზიციაზე.

დღევანდელი ტრიბუნა მინდა გამოვიყენო, რომ მადლობა ვუთხრა ბატონ გიორგი გახარიას, რომელთან ერთადაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვიყავი ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. ასევე ძალიან საინტერესო და დატვირთული პერიოდი იყო. სამწუხაროდ, დაგვემთხვა კოვიდის პანდემია, სადაც ასევე ვფიქრობ, რომ მთავრობის მთელი გუნდი, შემადგენლობა, ჩემი კოლეგები ძალიან ეფექტურად და წარმატებით მართავდნენ ამ პროცესს. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას წარმატება ვუსურვო. მიხარია, რომ იგივე გუნდი აგრძელებს მუშაობას სრული შემადგენლობით. ასევე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. პოლიტიკაში მისი მოსვლის პირველივე დღიდან, მე ასევე მოგეხსენებათ, პოლიტიკაში ვიყავი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე ვიზიარებდი სრულად „ქართული ოცნების“ ფასეულობებს, სულისკვეთებას და დღეს მე ასევე ვრჩები ამ ფასეულობების ერთგული. ბუნებრივია, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ვიქნები იმ ხალხის გულშემატკივარი, რომელიც ასე გულწრფელად და კარგად აკეთებს საქმეს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში