საჭიროა პრობლემების მოგვარება და არა კრიმინალებთან დაჯდომა და რაღაც დიალოგი თურმე რიგგარეშე არჩევნებზე - ღარიბაშვილი ოპოზიციაზე 

22 თებერვალი 2021, 14:05 1049 ნახვა

''პრობლემებს სჭირდება მოგვარება და არა ამ კრიმინალებთან დაჯდომა, რაღაც დიალოგი, თურმე, რიგგარეშე არჩევნებზე. რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან საერთოდ'' - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გააკეთა. 

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქაოსი მალე დასრულდება. 

ამ დღეების განმავლობაში ჩემი მისამართით არანახულ ცილისწამებათა კასკადს, ნიაღვარს ვისმენ. არნახული სიბინძურე, რაც შეიძლება ადამიანს თავში მოუვიდეს... რაც მათ აქვთ გაკეთებული, ღალატი, უბედურება, რაც მათ ჩაიდინეს, ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ! როგორ შეიძლება ადამიანს ყოველგვარი ფაქტების გარეშე დააბრალო, რომ თურმე მე რუსებს ექვსი სპეცრაზმელი მოვაკვლევინე

ეს ადამიანი გველაპარაკება ჩვენ ვინც დაარბია, დახოცა, აწამა ხალხი. ბიზნესი რა მდგომარეობაში იყო. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება?! თქვენ მათთან ერთად წარმოგიდგენიათ ჩვენი ქვეყნის განვითარება?! წარმოგიდგენიათ გადატრიალება, რომ მომხდარიყო რა მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. მოხდებოდა არეულობა, სამოქალაქო ომი, რაც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის. რაც პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის ინტერესებს. 

ყველას კარგად გვახსოვს სააკაშვილი იყო ის სამარცხვინო პირი, რომელიც, გახსოვთ ალბათ, გორში იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე კაცი მიწაზე გაერთხა, გაიქცა, მიატოვა სტუმარი, რომელიც გაოგნებული უყურებდა. ამის შემდეგ ეს ადამიანი გამოდის და ძალადობს ჯერ კიდევ თავისი გუნდის წევრებზე, ზოგს კომპრომატებით აშინებს, ზოგს ფულით იჭერს. მეგობრებო ეს ქაოსი დასრულდა და საბოლოოდ დასრულდება ძალიან მალე. ჩვენ უნდა მივხედოთ რეალური პრობლემების გადაწყვეტას, ხალხს უმარავი პრობლემა აქვს, სოფლებში, რეგიონებში, ეკონომიკაში'' - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში