მსოფლიო მედია მელიას დაკავებაზე

23 თებერვალი 2021, 17:45 833 ნახვა

ნიკა მელია პარტიის შტაბ-ბინაში დააკავეს- წერს ბი-ბი-სი. მისი მხარდამჭერები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა, ოპოზიციური პარტიის ლიდერი კი სპეცრაზმმა შენობიდან საბოლოოდ ძალით გამოიყვანა.  ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ მელიას საქმე 2019 წლის ანტისამთავრობო პროტესტებს უკავშირდება, თუმცა ახლა უფრო მწვავე პოლიტიკურ კრიზისის ფონზე მიმდინარეობს.  ბი-ბი-სის მონაცემებით, ოპოზიციური პარტიის ლიდერთან ერთად ათობით ადამიანია დაკავებული.

მელიას დაპატიმრების შემდეგ  ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის შენობასთან მასობრივი დემონსტრაციები დააანონსეს.  ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება ალ-ჯაზირა. პოლიცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ოფისში შეიჭრა და  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას  გადადგომიდან რამდენიმე დღის შემდეგ მაინც დააკავა იგი. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრემიერი გახარია არ დაეთანხმა ცნობილი პოლიტიკოსის დაპატიმრების   შესახებ  სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

ალ-ჯაზირა  ევროკავშირისა და აშშ-ის პოზიციასაც აქვეყნებს და წერს, რომ დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებას კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ  და პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

ბრიტანული გარდიანის თანახმად, საქართველოს ოპოზიციის ლიდერი პოლიციამ პარტიის შტაბ-ბინაზე შტურმისას დააკავა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სპეცრაზმელთა შენობაში  შეჭრა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება  ღია ეთერში გადაიცემოდა. 

გამოცემა წერს, რომ  საქართველოში კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა პოლიციის დღევანდელმა რეიდმა.  აღნიშნავს იმასაც, რომ  პოლიციის მაღალჩინოსნები ამართლებენ პოლიციის რეიდს და ირწმუნებიან, რომ  ოპოზიციონერთა წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში