26 თებერვალს ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს

23 თებერვალი 2021, 15:51 1045 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად,  მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციის ლიდერები გეგმავენ მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლონ.

გიგი უგულავას განცხადებით, სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ ისინი საკანონდებლო ორგანოსკენ დაიძრებიან. 

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, 26 თებერვალს თბილისსა და ბათუმში ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. 

ხატია დეკანოიძის განცხადებით, აქცია-მსვლელობა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.

„მიუხედავად მძიმე პოლიტიკური კრიზისისა, მიუხედავად ნიკას წინააღმდეგ აღძრული საქმისა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ გვესმოდა კონსტრუქციული წინადადებები ხელისუფლების მხრიდან, ოპოზიცია გამოვიდა წინადადებით, მათ შორის ეს იყო ნიკას ინიციატივა, რომ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისთვის აუცილებელი იყო შეთანხმება და მოლაპარაკებები. საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკების შემდეგ, ჩვენ გადავდეთ 25 თებერვლის აქცია.

26 თებერვალს 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას, როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ და რაც მთავარია, ეს იქნება მსვლელობა, რომელიც იქნება თავისუფლებისთვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დღეს, 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში