100 წლის წინ ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ სისხლში ჩაახშო საბჭოთა რუსეთმა, ახლა კი გვაქვს შანსი, საბოლოოდ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს წევრები - გიგა ბოკერია

25 თებერვალი 2021, 10:45 875 ნახვა

100 წლის წინ ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ სისხლში ჩაახშო საბჭოთა რუსეთმა, ახლა კი გვაქვს ისტორიული შანსი, საბოლოოდ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს მყარი წევრები და არ გვაქვს უფლება ეს შანსი ხელიდან გავუშვათ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კოჯორში განაცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

"რა თქმა უნდა, დღეს არის ის დღე, რომელიც ყოველთვის გვახსენებს, რამდენად დიდი მოვალეობაა ყველა მოქალაქის, რომ დაიცვას ის, რასაც 100 წლის წინ თავი შესწირეს. მაშინ ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ სისხლში ჩაახშო საბჭოთა რუსეთმა და ამას მოჰყვა ათწლეულების განმავლობაში სტალინური საბჭოთა რუსეთის რეპრესიები, რომელმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ჯოჯოხეთში აცხოვრა თაობები, ახლა კი გვაქვს ისტორიული შანსი, საბოლოოდ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს მყარი წევრები, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პერსონალური თავისუფლება იყოს დაცული და ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს შანსი ხელიდან გავუშვათ.

დღესაც საფრთხე მოდის იგივე მიმართულებით - სამწუხაროდ, ჩრდილოელი მეზობლისგან, სადაც საბჭოთა სტალინური რუსეთის მემკვიდრეობა არა თუ არ გამქრალა, არამედ ამის აღორძინებას ცდილობენ და სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არიან ძალები, რომლებიც ამ თავისუფლებას უქმნიან საფრთხეს, ამიტომ ჩვენი ყველას ვალია ეს თავისუფლება დავიცვათ და ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გავუშვათ"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში