პარლამენტს დღეს საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება

02 მარტი 2021, 11:52 996 ნახვა

დღეს საქართველოს პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და პარტია „მოქალაქეების“ მემორანდუმის ნაწილი იყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი ფუნდამენტურად დახვეწს, როგორც საარჩევნო სისტემას, ისე საარჩევნო პროცედურებს და დაასრულებს ყველა სახის სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით.

"საარჩევნო სისტემა – გაიზრდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი. კერძოდ,თვითმმართველ ქალაქებში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი – ყოველ ერთი მაჟორიტარ წევრზე იქნება ოთხ პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.

საარჩევნო ადმინისტრაცია – საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება რვა პროფესიული და ცხრა პარტიული წევრით პარიტეტის პრინციპის დაცვით (ერთი პარტია ერთი წევრი),

საარჩევნო პროცედურები – დაინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა, აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა, აიკრძალება საოლქო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის გარეშე. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საჩივარი, 73-ივე საარჩევნო ოლქში შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოვლინდება და გადაითვლება 5-5 უბანი. ჯამში გადაითვლება 365 უბანი, ანუ უბნების საერთო რაოდენობის 10%.“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

​შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ასევე გაიზრდება საარჩევნო საკითხთან დაკავშირებული საჩივრების შეტანის და განხილვის ვადები.

„შესაძლებელი გახდება საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანა, შესაძლებელი იქნება ცესკო-ს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში.

საარჩევნო აგიტაცია/ადმინისტრაციული რესურსი – აიკრძალება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა, გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, ვისაც ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, აიკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.

ეს გახლავთ ის პუნქტები, რომელიც ფუნდამნეტურად შეცვლის ჩვენს საარჩევნო სისტემას და პროცედურებს.

მემორანდუმის ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ღიად რჩება შეეხება საარჩევნო ბარიერს. როგორც იცით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა კონსტიტუციით გათვალისწინებული 5%-დან მაქსიმუმ 3%-მდე. თუმცა ამისათვის სჭიროა რომ პარლამენტში მუშაობდეს დეპუტატთა ის რაოდენობა, 113 დეპუტატი რომელიც საჭიროა კონსტიტუციის შეცვლისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში