ჩვენ მზად ვართ დიალოგის გასაგრძელებლად და სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას - პრემიერი

11 მარტი 2021, 11:09 890 ნახვა

ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის გასაგრძელებლად და სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციასა და რჩევას. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"15-17 მარტს მივემგზავრებით ბრიუსელში, ამ ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ისე - ევროპულ საბჭოსა და ნატოში. 16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა, რომელზეც წარმოვაჩენთ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას. ასევე, მივესალმებით მისი წარმომადგენლის ვიზიტს. დარწმუნებული ვართ, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის გასაგრძელებლად და სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციასა და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ყველამ ერთად, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა ქვეყანამ და ჩვენმა პარლამენტმა ნორმალური მუშაობა დაიწყოს. ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხის ინტერესებით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში