მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის და უკრაინის 2 მოქალაქის საქმეზე ხვალ მტკიცებულებების  გამოკვლევა დაიწყება

11 მარტი 2021, 17:50 1246 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინისა და უკრაინის ორი მოქალაქის საქმეზე მხარეებმა დღეს შესავალი სიტყვას თქვეს.

საქმის მთავარმა პროკურორმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ როგორ და რატომ დააკავეს სამივე ბრალდებული.

პროკურორის ინფორმაციით, 2020 წლის 28 ნოემბერს უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე კანონის გვერდის ავლით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და მათი შემოსვლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს. ამის გარდა გამომძიებლის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ეკიპაჟის წევრები კავშირზე არ გამოდიოდნენ, სანაპირო დაცვამ ისინი კონტროლზე აიყვანა.

მას შემდეგ რაც კონტროლი შეამჩნია ეკიპაჟმა, სიჩქარეს მოუმატეს და გაქცევა თურქეთის საზღვრის გავლით სცადეს.

ბრალმდებელი ასევე ხაზს უსვამს რომ არსებობდა საეჭვო გარემოებები კატარღის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. პროკურორის განმარტებით, სანამ ნებისმიერი მცურავი საშუალება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვა, სანაპირო დაცვის გაფრთხილება და შეტყობინების გაგზავნა 2 საათით ადრე ხდება, რაც ბრალდებულებმა არ გააკეთეს.

საპირისპიროს ყვება საქმის ადვოკატი. ბექა ბასილაიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ვოლოდიმერ დიაჩენკო, იური ხომიჩი და მიხეილ ბატურინი საქართველოს წყლებში მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობდნენ, უკრაინის ერთი მოქალაქე მეზღვაურია და არ აპირებდნდენ გაქცევას. ადვოკატი ამბობს, რომ კატარღის, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანად გავლას, არ საჭიროებს ნებართვა და არც შეტყობინების ვალდებულება  არსებობს.

ადვოკატი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს რადგან, საქმეში ფიგურირებს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაცვა. მისივე მტკიცებით საგამოძიებო უწყებას ჰქონდა ცრუ ინფორმაცია თითქოს კატარღაზე იმყოფებოდა მეხუთე პირი მიხეილ სააკაშვილი.

ხვალ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. დაიკითხებიან სანაპირო დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც შეამჩნიეს საეჭვო მცურავი საშუალება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ჩაქვთან ახლოს. სწორედ ამ ეკიპაჟის 3 წევრს, გამოძიება ჯგუფურად საზღვრის კვეთას ედავება.

კატარღა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა იგი, საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით, უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში