„აირაის“ შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული იყო - მამუკა მდინარაძე

11 მარტი 2021, 20:42 1550 ნახვა

IRI-ის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული იყო, ვიდრე წინა წლებში. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„IRI-ის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედიასაშუალებებსა და ინფორმაციაზე. ამასთანავე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, ცესკო-მ გამოავლინა არჩევნების ჩატარების და ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფისთვის მზაობა. საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა წესები COVID-19 პანდემიის დროს ხმის მიცემის ალტერნატიული გზების შესახებ, რაც საერთო ჯამში უპრეცედენტო და ცალკე აღსანიშნავი იყო. ეს, დასავლური ინსტიტუტების მხრიდან, კიდევ ერთი მკაფიო პასუხია არჩევნებში დამარცხებული რადიკალური ოპოზიციის სრულიად აბსურდულ ბრალდებებზე, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებთან ერთად, ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ ეს არჩევნები ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს მიმართა, უარი თქვან, მისი შეფასებით, სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და იმოქმედონ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

„რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართავთ - სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. არ აქვს არანაირი აზრი ყალბი კამპანიების მოგონებას და წარმოებას. ეს დღეს კიდევ ერთხელ და მორიგ ჯერზე დადასტურდა. შესაბამისად, ამ მძიმე რეგიონული, პანდემიის, ეკონომიკური და რუსული ოკუპაციისგან მომდინარე გამოწვევების ფონზე, იქნებ შეძლონ, უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში