პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა შეიმჩნევა დაძაბულობის შემოტანის მცდელობები - საქართველოს პრეზიდენტი

12 მარტი 2021, 12:02 649 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა კრისტიან დანიელსონს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების, პარლამენტში მოხვედრილი პარტიების უფლებებისა და მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო ინსტრუმენტების შესახებ.

პრეზიდენტის განცხადებით, პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა შეიმჩნევა დაძაბულობის შემოტანის მცდელობები. საჭიროა შემსუბუქდეს რიტორიკა და პროცესმა გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს არსებული განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისაკენ სწრაფვა აერთიანებს და ეს არ შეიცვლება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეუთომ არჩევნებთან დაკავშირებით უკვე დადო შესაბამისი დასკვნა, რაც ეჭვქვეშ არ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას. 

დანიელსონის განცხადებით, საქართველო რეგიონში ყოველთვის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენდა და ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მრჩეველი მაგდალენა გრონო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში