იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებთ ამოვწუროთ უთანხმოება - არჩილ თალაკვაძე

15 მარტი 2021, 22:17 1134 ნახვა

იმედს ვიტოვებ, ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით შევძლებთ, ამოვწუროთ უთანხმოება და შევძლოთ, ნორმალურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართულ შეხვედრის დასრულების შედეგ განაცხადა.

მისივე თქმით, იმედია, რომ მხარეები კონსენსუსს მიაღწევენ.

"გვქონდა კიდევ ერთი საქმიანი, კარგი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ კოლეგებს. ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით შევძლებთ, ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ, რომ ნორმალურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან თუ იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები, შეთანხმების მიღწევა მოხდება.

"გარკვეული სამუშაო რჩება. თუ ოპოზიციის მხრიდან პრაგმატული ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენ სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ დღეებში, ვფიქრობ რომ შეთანხმებას შევძლებთ. რაც მთავარია, აქ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეთანხმება არაა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, ეს შეთანხმება არის იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და კონცენტრირდეს მნიშვნელოვან ამოცანებზე, რაც დღეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფომ ვაჩვენოთ, რომ გვაქვს სტაბილური პოლიტიკური სისტემა და არა ისეთი სისტემა, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ასეთ კრიზისს აჩვენებს. აქ ვინ იქცეოდა უპასუხისმგებლოდ, ვინ ცდილობდა ძირი გამოეთხარა დემოკრატიისთვის, ვფიქრობ, ამ დიალოგში ამაზე საუბრის პროცესი შორს წაგვიყვანს. ეს სიმართლე არსებობს და საზოგადოებამ კარგად იცის რა მოხდა. თუ ვინმეს ჰქონდა პრეტენზია არჩევნების გაყალბებაზე, ვალდებული იყო, გადაემოწმებინა. თუ ვინ ცდილობდა, პარლამენტი მხოლოდ ერთი პარტიით დაეტოვებია, ესეც ვნახეთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში