ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე - ირაკლი ღარიბაშვილი

15 მარტი 2021, 23:00 761 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა დასრულდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპის და შარლ მიშელის ამოცანააა, რომ ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად მუშაობა პარლამენტში გააგრძელოს.

"მინდა გითხრათ, რომ დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ შარლ მიშელთან, მინდა მას კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ უშუალოდ არის ჩართული ამ მედიაციის პროცესში და მოგეხსენებათ, რომ მისი წარმომადგენელი იმყოფება თბილისში და აგრძელებს მოლაპარაკებებს როგორც ოპოზიციასთან, ასევე ჩვენს პარტიასთან. მინდა გითხრათ, რომ პროცესი გრძელდება. ჩვენ ხვალ კიდევ გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. ერთი რამ მინდა ცხადად განვაცხადო, ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ჩვენ ვართ მზად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით, თუ რა არის ჩვენი პოზიცია.

მე შარლ მიშელს გავუზიარე ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები. ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული დესტრუქციული მანევრით ცდილობს, რომ ხელი არ შეუწყოს ამ დიალოგის პროცესს და პირიქით, გააღრმავოს ეს უფსკურული და ამის არაერთი მცდელობა ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში. იმედი მაქვს, ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს და საბოლოო ჯამში, მთელი ცივილიზებული ევროპის და შარლ მიშელის სურვილი და ამოცანააა, რომ ჩვენ ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამას როგორ მივაღწევთ, გამოჩნდება ხვალ და ზეგ, მომდევნო დღეებში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტა, თუ რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ.

„ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვინაიდან, საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა, განმარტებას გავაკეთებ. პირველი შეხვედრა ჩვენ გვქონდა სამუშაო ფორმატში, ერთი ერთზე. ეს შეხვედრა გაიწელა და დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე პროტოკოლით იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ, შუალედში მქონდა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ამიტომ, მობოდიშებით შევწყვიტეთ ჩვენ ეს შეხვედრა, წავედი ბელგიის პრემიერთან მქონდა შეხვედრა და შემდეგ გავაგრძელეთ დაახლოებით საათი და საათნახევარი გვქონდა, როგორც გაფართოვებულ, ისე ერთი-ერთზე ფორმატში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში