ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

17 მარტი 2021, 16:29 650 ნახვა

საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და მიმდინარე პოლიტიკური პროცესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.  ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა დევიდ მაკალისტერთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. საუბარი შეეხო ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც შეფასებულია რუსეთის ქმედებები და საოკუპაციო პოლიტიკა. დევიდ მაკალისტერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.

''შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ევროკავშირის მედიაციაზე დიალოგის პროცესში. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კომპრომისის მიღწევისა და პროცესების პარლამენტში გადატანის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ჩართულობა დიალოგის პროცესში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილურობა ევროპელი პარტნიორებისთვის'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში