ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია - ირაკლი ღარიბაშვილი

17 მარტი 2021, 17:52 902 ნახვა

ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დიდი მადლობა, ბატონო იენს. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ მასპინძლობისათვის ნატო-ს შტაბბინაში. საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით, მაქვს პატივი, რომ განვიხილო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიური და არსებითი დღის წესრიგი, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული. ჩვენი ქვეყნის ნატო-სკენ სწრაფვა ემყარება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, რომელიც მხარს უჭერს ამ მიზანს. ეს არის ფართო კონსენსუსის საკითხი მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს შორისაც.

ნატო-ს მნიშვნელოვანი როლისა და ჩვენი დღის წესრიგის გათვალისწინებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხორციელდება, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ ვართ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და ურთიერთთავსებადი პარტნიორი.

საქართველომ დაადასტურა თავისი კოლექტიური თავდაცვის ტვირთის გაზიარების შესაძლებლობა ნატო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციებში, 860 ქართველი კაცი და ქალი, 10 წლის განმავლობაში, ავღანეთში მოკავშირეთა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მსახურობდა. ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისადმი მათი თავდადებითა და პროფესიონალიზმითა და ერთგულებით დამტკიცდა ქვეყნის სათქმელი. ჩვენ მივესალმებით ალიანსის მზარდ წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში, შავი ზღვისპირეთში ალიანსის ყოფნა ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია, რომელსაც რეგიონის ქვეყნებისთვის თანაბრად ძლიერი სტაბილიზაციის ეფექტი მოაქვს. ევროპული უსაფრთხოება არ შეიძლება შედგეს უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის გარეშე, ეს რეალობა მტკივნეულად ცხადი გახდა ბოლო წლების განმავლობაში. მივესალმებით მოკავშირეთა სტრატეგიას „ნატო 2020“-ის ამოქმედებას, რაც საბოლოოდ დაგვაკავშირებს ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციასაც“, – აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში