ძალიან რთული იყო ყველა საკითხის განხილვა ხვალ გრძელდება მოლაპარაკება - ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა დასრულდა

17 მარტი 2021, 20:50 1084 ნახვა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა.

"გირჩის" წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ორმხრივი შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება და ეს იქნება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დღეს იყო. 

"ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, რომელიც ხვალაც გაგრძელდება. ხვალ იქნება უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლითაც დავასრულებთ. შეთანხმება ნიშნავს ყველაფერზე შეთანხმებას, არა რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, არამედ ყველაფერზე, შესაბამისად, არ დაგვისრულებია. შეთანხმება არ იქნება, ვიდრე ყველაფერს არ გავივლით. დღეს გავიარეთ ნაწილი, ხვალ დავასრულებთ“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება, ამ ეტაპზე კი, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო, მნიშნელოვანი, რთული საუბარი და დისკუსია ყველაფერზე. გვაქვს პროგრესი, მაგრამ არ შეიძლება ვისაუბროთ არაფერზე კონკრეტულზე. ძალიან რთული იყო ყველა საკითხის განხილვა, ხვალ გრძელდება ეს მოლაპარაკებები. როგორც იცით, შეხვედრა ორმხრივი იყო, ორივე მხარე ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს პოზიციებს, ყველაფერზე იყო საუბარი, ყველა პუნქტზე. შეთანხმება მოხდება, როცა ყველა პუნქტზე შევთანხმდებით" - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება.

"ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება. დღეს გვქონდა საკმაოდ რთული სამუშაო, ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს. იმედი მაქვს ამ კვირაში ხუთივე საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდებით. უნდა შევთანხმდეთ პოლიტპატიმრების საკითხზეც, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზეც, საარჩევნო რეფორმაზეც, სასამართლო რეფორმაზეც, ძალაუფლების განაწილებაზეც. ყველა ამ საკითხზე შეთანხმების დოკუმენტში უნდა იყოს კონკრეტული ტექსტი და კონკრეტული გადაწყვეტილება. ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში მედიატორია ჩართული.

"ჩვენი ამოცანა არის, ის რაც თქვენთვისაც ცნობილია, გვინდა მოლაპარაკება. თავისთავად ის, რომ გუშინდელი განცხადების შემდეგ დღეს შედგა შეხვედრა და ის, რომ პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინტერესი, ინვესტიცია ამ პროცესში არის, ეს ძალიან კარგია. მედიატორი რომ აქ არის და ამდენი საათია მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მისი მადლიერი ვართ. თუმცა შეხვედრის შინაარსი არის ძალიან რთული და მძიმე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, არის საკითხები, სადაც პოზიციები შეჯერდა, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა.

"ჯერ არაფერი არ დასრულებულა. ბევრ საკითხზე საკმაოდ რთული საუბარი იყო. არის საკითხები, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულია. ხვალ ისევ გაგრძელდება მოლაპარაკება. დეტალებში ვერ შევალ. რაღაც საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი. დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის. დეტალებში ვერ შევალ. ყველაფერი წინ არის“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ლელოს საქართველოსთვის" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება, შეუთანხმებელი დარჩეს.

"შინაარსიანი, მაგრამ ძალიან რთული მოლაპარაკებები გვქონდა, რომელიც ხვალ გაგრძელდება. კონკრეტულად სხვას ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ვსაუბრობთ ძალიან კომპლექსურ პრობლემებზე, რომელიც მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისებს. გამომდინარე საკითხების სირთულიდან, პროცესი გრძელდება ხვალ, დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ. განწყობებზეც არ მინდა გესაუბროთ. ჩვენ ვსაუბრობთ პაკეტის შეთანხმებაზე, ყველა საკითხზე უნდა შევთანხმდეთ. არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება, შეუთანხმებელი დარჩეს. მხარეების მონდომება თუ არსებობს, გადაულახავი სირთულე არ არსებობს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში